,,ევოლუშენ გეიმინგმა” სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა

ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ ,,ევოლუშენ გეიმინგი”-მა სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა. აღამსრულებელი დირექტორის განცხადებაში, რომელიც მან თანამშრომლების შიდა ჯგუფში გამოაქვეყნა და წყარომ ექსკლუზიურად მოგვაწოდა, წერია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე მოუწიათ.

,,გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, შევაჩეროთ საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 თამაშის წარმდგენი და ბანქოს მჩეხავი, რომლებიც იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, მიიღებენ ინდივიდუალურ შეტყობინებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ”,- წერს ჯეიკობ კლაესონი.

მისი თქმით, სამსახურიდან ის თანამშრომლები გათავისუფლდებიან, ვინც კომპანიაში 6 თვეზე ნაკლები ვადით მუშაობდა.

,,ევოლუშენ გეიმინგის” საქართველოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით ცილობდა, ეს შედეგი თავიდან აეცილებინა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

,,როგორც გასული კვირის მანძილზე ნახეთ, მთელი ძალით ვეცადეთ, თავიდან აგვერიდებინა მოვლენების ამგვარი განვითარება – გავატარეთ ბევრი ღონისძიება და განვახორციელეთ ცვლილებები, რათა მიგვეღო ნებართვა სტუდიის ნაწილობრივ გახსნაზე. სამწუხაროდ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ მივიღეთ ყველა ის ზომა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ითხოვდა. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ დავადგინოთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით ჩვენი საქმიანობის მცირე მაშტაბით განახლებისთვის”,- წერს ჯეიკობ კლაესონი.

ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებები თანამშრომლებს ელფოსტაზე უკვე დაეგზავნათ.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ მუშობა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე 23 მარტს შეაჩერა.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით საკარაინტინო რეჟიმი მოქმედებს.