უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ,,პიარული თავხედობის” მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეძლებს.
მისივე თქმით, გარანტიისთვის კარგი იქნებოდა ოპოზიციური ძალების ხმებიც ყოფილიყო და მათ მხარი დაეჭირათ.
,,ეს იქნებოდა მყარი გარანტია, რომ არცერთ შემთხვევაში 1%-ითაც კი არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ ეს ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტიუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ. იმიტომ რომ ჩვენი გუნდი ფაქტობრივად მთლიანად უჭერს მხარს და დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ შორის საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზე, უჭერენ მხარს და ვფიქრობ, რომ ეს ხმები საკმარისი იქნება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა და დღეს ამბობენ, რომ გავდივართ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ“, – თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილებას ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, რადგან, მათი თქმით, ,,ქართული ოცნება” 8 მარტის შეთანხმებას არ ასრულებს და არ ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს.