ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ჩინეთს არ სურს უკრაინაში სიტუაციის “ევოლუციის” ნახვა.
CNN-ის ცნობით, ვან იმ განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისი უნდა მოგვარდეს „დიალოგისა და მოლაპარაკებების“ გზით და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, NATO-სა და ევროკავშირს, ჩაერთონ რუსეთთან “თანასწორ დიალოგში“. მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ „ყურადღება უნდა მიაქციონ NATO-ს აღმოსავლეთით უწყვეტი გაფართოების უარყოფით გავლენას რუსეთის უსაფრთხოებაზე“.
„ჩინეთი მხარს უჭერს ყველა მცდელობას, რომელიც ხელს უწყობს სიტუაციის დეესკალაციას და პოლიტიკურ დარეგულირებას, ამასთან, ეწინააღმდეგება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ზიანს აყენებს დიპლომატიური გადაწყვეტის ხელშეწყობას და ცეცხლზე ნავთს ასხამს”,– თქვა ვან იმ ბლინკენთან საუბრისას.
თეთრი სახლის ცნობით, ბლინკენმა მას უპასუხა, რომ მოსკოვი “ძვირ ფასს გადაიხდის” უკრაინაში “წინასწარგანზრახვით, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის გამო”.
მისივე განცხადებით, “მსოფლიო აკვირდება, თუ რომელი ერები იცავენ თავისუფლების, თვითგამორკვევისა და სუვერენიტეტის ძირითად პრინციპებს“.