უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაცემას.თუ საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის უკრაინის მოქალაქის გადაცემას უკრაინისთვის, მაშინ ის მესამე ქვეყანაში უნდა გაგზავნონ მკურნალობის კურსის ჩასატარებლად.
ამის შესახებ პოდოლიაკმა რუსი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, იულია ლატინინას გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას არ მოჰყვება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული ნაბიჯები.
„ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს – რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. არ ვიძლევით არანაირ რჩევებს. ჩვენ ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი. მე პატივს ვცემ სააკაშვილს, რადგან ის ისტორიული მასშტაბის ფიგურაა. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, გადმოგვცენ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით. რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიული თვალსაზრისით ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასეთია ჩვენი ოფიციალურ პოზიცია, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, მათ შორის დიპლომატიური არხებითაც. პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა ცნობილი პირებიც ამაზე საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლით თქმით, განსხვავებულია მისი პირადი პოზიცია ამ საკითხზე და მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შევიდეს სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხე აწამა“.
„მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას მიზანმიმართულად შეჰყავს ისტორიაში საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა. ვურჩევ ეს არ გააკეთონ. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და მის დეპუტატებს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ რუსეთი, არ ჩაეწერონ ისტორიაში შავი ასოებით. თუ გინდათ, პირადად მე ჩამოვალ და წამოვიყვან. უბრალოდ მინდა საქართველოს მთავრობის მოტივაცია გავიგო. თუ არ უნდა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარეს დადგეს, სწორი არჩევანი მაინც გააკეთოს. სააკაშვილის უკრაინისთვის ან მესამე ქვეყნისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით გადაცემა თვით საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი“, – აცხადებს პოდოლიაკი.