ვიდეოს გავრცელებისთანვე, სადაც პოლიციელის შესაძლო დანაშაული ჩანს, მოკვლევა დაიწყო – შსს

“ვიდეოს გავრცელებისთანვე, სადაც პოლიციელის შესაძლო დანაშაული ჩანს, მოკვლევა დაიწყო”-შინაგან საქმეთა სამინისტრო TV პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ადამიანს ურტყამს და აცხადებს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის  მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს”, – წერია განცხადებაში.