” ვიდრე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არანაირი მტკიცებულებები, ცხადია, ამ 45 ტომში არ არის. მეტიც, უამრავი რაღაც არის ჩაყრილი, რომელიც საერთოდ, ვისთან ან რასთან არის კავშირში, სრულიად გაუგებარია. არის ჩაყრილი კონკრეტული ადამიანების პირადი მონაცემებიც – საბანკო ამონაწერები, ვიღაცების ოფისის ჩხრეკის რაღაც ოქმი. ეს ყველაფერი, რა კავშირშია მარტო ჩემთან კი არა, არამედ ვინმესთან, საერთოდ გაუგებარია. ჩემი სახელი ნახსენები არის 12-ჯერ, დათვლილი მაქვს და თორმეტივე არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს რუსთაველზე ხედავდნენ, რომ იქ ვიყავი. ვიღაცები ჰყვებიან რაღაც ზღაპრებს, როგორიც არის მაგალითად: ხედავდნენ, რომ ნიღბიანი ახალგაზრდები, როდესაც მიახლოვდებოდნენ მე და მერე რომ დამშორდებოდნენ ხდებოდნენ უფრო აგრესიულები – ბოდვა, სრული ბოდვა, ოღონდ ამის არანაირი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს, მართლა ასე ხდებოდა, არაფერი არ არსებობს საერთოდ. პლიუს, სადაც ჩემი და სხვების სახელი არის ნახსენები, არის კომენტარები, თქვენ [ჟურნალისტებს] რომ გაძლევთ კომენტარს იმაზე, რომ ივანიშვილი და მისი საყრდენები არიან დასასანქცირებელი.
[ეს საქმე „ქართულ ოცნებას”] სჭირდება, ერთი, იმისათვის, რომ უნდათ სურათი დახატონ, რომ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ერთად არის, თავის მიშას ჩათვლით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ რაღაც ერთად დასვას განსასჯელის სკამზე. მეორე – დრო მაკარგვინონ, დროს ვკარგავ, რატომ უნდა მოვიდე აქ. ისედაც რამდენი სასამართლოს პროცესია, რომელზეც დავდივარ ხოლმე და ახლა, საკუთარ სასამართლოზე უნდა ვიარო და კიდევ, ამ რაღაც ბოდვაში, 45 ტომში ხომ უნდა გაერკვე და რაღაცაზე რომ იქნება ლაპარაკი, პასუხი ხომ უნდა გასცე. საბოლოო ჯამში, მთავარი მიზანი არის ის, რომ ბოლომდე ჩაჭრან ის ძაფები, თუ რამე დარჩა დამაკავშირებელი ამ ქვეყანას დასავლეთთან და ცივილიზებულ სამყაროსთან.
გავიმეორებ, ყველასთვის გასაგებია, რომ სანამ ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების ყველა ლიდერი ერთად ზის განსასჯელის სკამზე, იმ ქვეყანას არანაირი დაახლოება არ უწერია დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და ა.შ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.















