ვიდრე სამყაროს თავზე უბედურება ტრიალებს, საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ღვთისმსახურებას – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, ვიდრე სამყაროს თავზე ეს უბედურება [კორონავირუსი] ტრიალებს და ექიმების რჩევა დისტანცირებაა, ღვთისმსახურებას საგანგებო რეჟიმში აღავლენენ.

„საერთოდ, ვიდრე ეს უბედურება ტრიალებს სამყაროს თავზე და ვიდრე ჩვენი ექიმები გვირჩევენ, მოფრთხილებას, დისტანცირებას ერთმანეთისაგან, მანამდე ჩვენ საგანგებო რეჟიმში აღვასრულებთ ხოლმე მსახურებას და ტაძრის გარეთ იქნება მრევლი, ვინც მომსვლელი იქნება რა თქმა უნდა. ვინც ვერ მოვა, იმათ ჩვენ შევეწევით სულიერად, ჩვენ ცალ-ცალკე არ ვილოცებთ,ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფემ მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მტკივენულია ხალხის გარეშე ლიტურგიის ჩატარება, მაგრამ ესაც ხალხის გამო კეთდება.

,,ვულოცავ თითოეულ ადამიანს ამ დიდებული დღის დადგომას და ნურავინ იქნება გულდაწყვეტილი, რადგან ეს არის დღესასწაული, რომელიც გარდაემატება ნებისმიერ განსაცდელს. არაფერს არ შეუძლია ამ დღის დაკნინება. ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში. მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება და ღმერთმა დალოცოს მათი ჯანმრთელობა. დაე, მიიღონ ეს როგორც მორჩილება, როგორც დალოცვა ჩვენი და მადლი ღვთისა ყველაზე გარდამოვა”,- თქვა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, ფოთისა და ხობის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია ღამით მრევლის გარეშე ჩატარდა, თუმცა ეპარქიების ნაწილში ღამისთევას მრევლიც დაესწრო.

საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, მრევლის ნაწილმა ინფექციონისტების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და აღდგომის ლიტურგიზე მივიდა. მათ ღამე ტაძრებში გაათენეს და საერთო კოვზით ეზიარნენ.