“ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება დიპლომატიური ენა, “ოცნება“ არ დათმობს არაფერს”- ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„არ დაუჯეროთ არაფერს, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს. მოლაპარაკებების პროცესი ამჯერადაც იგივე სცენარით წარიმართა, როდესაც ბატონმა დანიელსონმა დაგვტოვა. შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია, ორ საკითხზე – ხელახალ არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე. ამის გარდა, იყო სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. მომლაპარაკებლებმა ისევ ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელზეც „ქართული ოცნება“ იტყოდა, რომ აწერდნენ ხელს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე.არ მესმის, რომელ კომპრომისზეა საუბარი, როდესაც საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან არჩევნების ჩატარებაზე, ან არის სასამართლო დამოუკიდებელი ან არის ბიძინასი, მანდ კომპრომისი სად გადის? ვიდრე ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი – დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე „ქართული ოცნება“ არ დათმობს არაფერს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.