“ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველომ ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში უკვე გადაუგზავნა.
ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 8 რეკომენდაცია გასულ ივლისში განუსაზღვრა. მათ შორისაა:
- ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფა;
- ისეთი კანონმდებლობის თავიდან აცილება და გაუქმება, რომელიც ზღუდავს უფლებებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ პაკეტის;
- სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის სიასთან;
- არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების წინააღმდეგ ნაბიჯები;
- აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისების შექმნა;
- ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღება და მაღალი დონის კორუფციის საქმეებზე ეფექტიანი ბრძოლა;
- ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება;
- პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დამთხვევა.
ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკომისია შეაფასებს, რა პროგრესი აქვს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში.