”აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა”,”-ამის შესახებ ნათქვამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე გატარებული ღონისძიებების თაობაზე არაერთი ცრუ ბრალდება ვრცელდება.
საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ როდესაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და ადგილი არ აქვს ძალადობრივ ფაქტებს, პოლიცია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
თუმცა, საზოგადოებამ ნათლად იხილა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მასობრივად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
აღსანიშნავი გარემოებაა, რომ აქციაზე მიმსვლელ პირთა ნაწილის მიზანი, თავიდანვე ძალადობრივი ქმედებების განხორციელება იყო. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ მათ შეკრებაზე მისვლისთანავე თან ჰქონდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები – ქვები, რკინის კონსტრუქციები, პიროტექნიკა და სხვა. ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციების ორგანიზატორების ოფისებიდან ამოღებულია აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა პოლიციელებზე თავდასხმისთვის.
აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვითარების დეესკალაციის მიზნით, კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს ატარებდა”, – ნათქვამია განცხადებაში.