ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე საქართველოს გიგანტური დროშა გაიშალა

26 მაისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვილნიუსის მთავარი კათედრის მოედანზე გაიშალა საქართველოს გიგანტური დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა მათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა, ქართველმა სტუდენტებმა და ასევე ლიეტუველებმა, რომლებიც ქართულ ენას შეისწავლიან ვილნიუსის უნივერსიტეტში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და ქ. კაუნასის მერიის ისტორიული შენობა “რატუშე”.