ვინახულე ელისო კილაძე,არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება – ადვოკატი, ვალერი გელბახიანი

“ვინახულე [ელისო კილაძე], ერთად გავეცანით ბრალდების დადგენილებას, რა თქმა უნდა, არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება – იქიდან, რაც ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება”,- ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. გავეცანი ბრალდების დადგენილებას, რომელიც ქალბატონ ელისოსაც აქვს. ვინახულე, ერთად გავეცანით. რა თქმა უნდა, ის არც ერთ პუნქტს არ ეთანხმება ამ ბრალდებაში. მიაჩნია, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი იმისათვის, რომ მისი იზოლაცია მომხდარიყო. ჩამოიშორეს. გააკეთებს ალბათ განცხადებას, როცა მოვა სასამართლოში. ამ შემთხვევაში, ვიდრე არ გავეცნობი საქმის მასალებს, ჩემი ნებისმიერი კომენტარი სამართლებრივად არ აღიქმება. პროკურატურა რასაც ამბობს, ამბობს მოსახლეობის დასარწმუნებლად. სინამდვილეში, იქიდან, რაც მაგ ბრალში წერია, არც ერთი სიტყვა არ დადასტურდება. [რატომ აღმოჩნდა სამიზნე] იტყვის თვითონ, მე რატომ უნდა ვთქვა? მე ადვოკატი ვარ, იურიდიულ საფუძვლებზე შემიძლია კომენტარი. რაც შეეხება მისი ცხოვრების ნიუანსებს ან პოლიტიკურ ნაწილს, მე არ შემიძლია ამაზე ვისაუბრო. რადგან უდანაშაულოდ ცნობს თავს და ჩემთვის, ჯერჯერობით, ხელთარსებული დოკუმენტებით ვხელმძღვანელობ, მიმაჩნია, რომ უდანაშაულოა. მასაც მიაჩნია, რომ უდანაშაულოა. რა თქმა უნდა, [სასამართლოს] არც ალტერნატივას შევთავაზებთ, არც გირაოს.[…] მოვისმინე აუდიო, მერე რა? არცერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი ან თუნდაც კომპლექსური ექსპერტიზა, სხვადასხვა ექსპერტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. რომ გითხრათ, რომ ხელისუფლების წყაროებს სანდოობა გააჩნიათ, არ გააჩნიათ. მართლმსაჯულება არ ხორციელდება დიდი ნდობის გარემოში და პირობებში. უფრო ხშირია კერძო ინტერესები, უფრო ხშირია ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან. ეს საზოგადოებამაც იცის, თქვენც იცით და რატომ, მაინც და მაინც, აქ არ გიჩნდებათ კითხვები?“,- აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

„მე არაფერი თავის მართლება არ მჭირდება, როდესაც ადამიანი უდანაშაულოა, დოკუმენტები არის მის სასარგებლოდ და ის თავს იმართლებს“,- დასძინა გელბახიანმა.

კითხვაზე: „ხომ არ შეუთავაზებიათ კილაძისთვის, რომ ვინმეს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება“, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს თემა მისთვის უცნობია.

„მისთვის [კილაძისთვის] ბრალის წარდგენის პროცესს არ ვესწრებოდი, სხვა ადვოკატი ესწრებოდა. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას აპირებს თუ არა მისი გადასაწყვეტია. თუ არჩევანი ექნება, თვითონ გადაწყვეტს. მე კონსულტაციას გავივლი“,- აღნიშნა გელბახიანმა.