“თუ ვინმემ იცით, რომ კარგადაა პირადში მომწერეთ” – იზა ჩირგაძეს ვერც ენმ უკავშირდება

არჩევნების გაყალბების სქემაზე ლაპარაკის შემდეგ, ქუთაისის 90-ე საუბნო კომისიის წევრს, იზა ჩირგაძეს ამ დრომდე ვერ  უკავშირდება ენმ-ის ლიდერი ხატია დეკანოიძე. დეკანოძის თქმით,  ვერსად პოულობს იზა ჩირგაძეს და  აცხადებს, რომ გაყალბების სქემებზე ლაპარაკის გამო ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მისი გატაცება სცადეს.

“ძალიან ვნერვიულობ იზა ჩირგაძეზე. ეს ის ადამიანია, ვინც გაბედა და ჩვენთან მოვიდა შანტაჟის ფონზეც კი. გუშინ წავიდა სახლში, ბავშვები წაიყვანა და მას შემდეგ ვერსად ვიპოვე. ველაპარაკე სახალხო დამცველსაც, ავუხსენი ვითარება. თუ ვინმემ იცით, რომ კარგადაა პირადში მომწერეთ”. – წერს ხატია დეკანოიძე.

იზა ჩირგაძეს თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მისი შეჩერება და წაყვანა მაშინ სცადეს, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში არჩევნების გაყალბების სქემის გამოსააშკარავებლად მიდიოდა.

იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ”ოცნების” წარმომადგენლები მას ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ, დაერეგისტრირებინა და საარჩევნო უბანზე შეეშვა ის პირები, რომელთა სახეები და პირადობის მოწმობებში არსებული ფოტოები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ეუბნებოდნენ, რომ უარის შემთხვევაში საფრთხე არა მხოლოდ მას, არამედ მისი ოჯახსაც დაემუქრებოდა.დაცვა იზა ჩირგაძემ ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელს 2 დღის წინ სთხოვა.