ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, ვინ მივიდა რიტუალზე?! – ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა  პროტესტის ნიშნად დატოვა, ამბობს, რომ მრევლი ზომბიერებულია ,,ანტიქრისტიანული შხამით”, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსის პანდემიისას ისინი შვილებს ტაძარში არ მიიყვანდნენ.

,,მრევლი არის ზომბირებული ამ შხამით, ანტიქრისტიანული შხამით, რომელსაც ეკლესია უდებს და  დედებს და მამებს საკუთარი შვილები მიჰყავთ სასიკვდილო საფრთხემდე. ისინი რომ ნორმალურად აზროვნებდნენ, ამას ხო არ გააკეთებდნენ?! მზე და მთვარე ამოსდით საკუთარ შვილებზე. იმ მღვდლებმა, ვისაც ეს ესმის, აუცილებლად ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და თვითონ დაკეტონ ეკლესიები”,- ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ქრისტეს რიტუალების ჩატარება არ სჭირდება.

,,ეს რიტუალები – კოვზი, ლოცვები, ხატზე მთხვევა და სხვა რიტუალები ქრისტეს არ სჭირდება, ქრისტეს გული ტკივა, რომ ჩვენ ამ დღეში ვართ, არის საფრთხე და მაინც ვუსრულებთ რიტუალებს. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ქრისტე ღრუბლებზე ზის და ამოწმებს, აბა შენ მოხვედი რიტუალზე? შენ ეს გამიკეთე? ვინც ოდნავ ქრისტეს იცნობს, შეიძლება, რომ მასზე ეს წარმოიდგინოს? “,- განაცხადა ბასილ კობახიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ,,უსაზღვრო ფანატიზმთან ერთად, დონატიზმის მწვალებლობაში ვარდება”, რაც უკვე დიდი ხანია დაგმობილია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, საპატრიარქოს მრევლის ტაძარში სიარული არ აუკრძალავს. ასევე, არ შეუცვლია ერთი კოვზით ზიარების წესი.