ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე “გირჩი – მეტი თავისუფლებას” თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.
ცერცვაძე ამბობს, რომ თუ ჯაფარიძეს დაუჯერებენ და შეზღუდვები ერთბაშად მოიხსნება, ინფიცირების შემთხვევებიც მნიშვნელოვნად მოიმატეს – “მერე ისევ მთავრობას მოსთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს” – ამბობს ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში.
მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ შეზღუდვები “არავის ეხალისება” და ისინი ქვეყანაში ეტაპობრივად უნდა მოიხსნას:
“მე მომხრე ვარ შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების, მოხსნის და ვნახოთ, რა დონეზე არ იქნება ეს ზიანის მომტანი ქვეყნისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი ერთბაშად მოვხსნათ და ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისეთი გახდეს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ეს ხომ შემდეგ, უკან ბუმერანგივით მოგვიბრუნდება და გვაიძულებს, რომ ეკონომიკა ისევ ჩავკეტოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! ნებისმიერი მთავრობა ხომ მოხარული იქნება მოიგოს ხალხის გული და ხალხისთვის კარგი გააკეთოს.
1% მაინც რომ იყოს გარანტია იმისა, რომ შეზღუდვების მთლიანად მოხსნა ხალხისთვის სასარგებლო იქნება, დამიჯერეთ, მთავრობა ამაზე პირველი წავიდოდა, მაგრამ განსხვავებით, ბატონი ზურაბისგან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და პასუხს არაფერზე აგებს, მთავრობა ჩვენთანაც, ევროპასა და ამერიკაშიც პასუხს აგებს თავის მოქმედებაზე. დამიჯერეთ, მერე ისევ მთავრობას მოსთხოვენ პასუხს მკაცრად, რატომ დაუჯერე შენ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, რატომ მოხსენი შეზღუდვები, თუ იცოდი, რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდაო. ჩვენ ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ და მოვახდინოთ დაბალანსება”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე
ჯაფარიძე ქვეყნის სრულად გახსნას ითხოვს და ამ მოთხოვნით 24 იანვარს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს. იგივე მოთხოვნებით საზოგადოების ნაწილმა აქციები უკვე დაიგეგმა დედაქალაქ სხვადასხვა ადგილას.