ვინც ვიდეორგოლი დაამზადა, „მონანიება“ ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, ვერ გაუგია და პარალელებშია აცდენილი – სამარცხვინოდ გამოიყურება მცდელობები, როცა ტრივიალური, მიმდინარე საკითხები ვინმემ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გახადოს (მონათლოს), – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პრეზიდენტის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დადებულ ვიდეორგოლს, რომელიც ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლას ეხმიანება.
მისივე შეფასებით, „აცა-ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ”.
„მე არ მგონია, რომ ეს გააკეთა თვითონ პრეზიდენტმა, მაგრამ ვინც ეს დაამზადა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მას, დიდი ალბათობით, ეს ფილმი ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, მისთვის კიდევ უარესი, რადგან ვერ გაუგია, პარალელებშია აცდენილი. ვინც ასეთ პარალელებს აკეთებს, ან ნანახი არ აქვს ან გაგებული ამ ფილმის არსი. თუმცა, ეს სხვათა შორის, არ ამცირებს უკმაყოფილების მიზეზს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან პრეზიდენტის მიმართ, ვინც ასეთი ვიდეორგოლი დადო როგორც გამოხმაურება ამ საკითხზე მაშინ, როცა თვითონ აქვს დაშვებული უხეში შეცდომები. არ ვიცი, ალბათ ხვალ წითელი ფერი რომ გადაკვეთოს შუქნიშანზე და ვინმემ დააჯარიმოს, ალბათ გაჩნდება პრეტენზია, რომ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლა. შეიძლება ასე ფიქრობენ ადამიანები.
ალბათ პრეზიდენტმა არ მიაქცია ყურადღება, ასე რბილად სჯობს ვთქვათ, მაგრამ სიღრმეში რომ ჩავყვეთ, ამ აცა- ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ, პერსონაჟები გაიხსენეთ და მიხვდებით რაზეა საუბარი,”- განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება გენინსპექციის შესვლას ორბელიანების სასახლეში, სარჯველაძის შეფასებით, “სამარცხვინოდ გამოიყურება მცდელობები, როცა ტრივიალური, მიმდინარე საკითხები ვინმემ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გახადოს ან ვინმეს სურვილი აქვს, რომ მიიღოს კანონით დაუშვებელი პრივილეგიები”.
სარჯველაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ ებმება კუდები ამ საკითხს.
“რიტორიკული კითხვა უნდა დავსვათ: აქვს თუ არა ვინმეს უფლება მუზეუმის კუთვნილი ნივთები გაიტანოს და განსაზღვრული ვადის შემდეგ არ დააბრუნოს. რა აძლევს უფლებას ვინმეს, პრეტენზია გამოხატოს, რომელსაც უდავოდ აქვს სამართალდარღვევა, გადაცდომა, არ აქვს მნიშვნელობა მძიმეა თუ არაა მძიმე, მაგრამ ფაქტია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს,”- განაცხადა სარჯველაძემ.
„No comment“ – ამ წარწერით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელიც კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლების მიერ ორბელიანების სასახლიდან 5 ნამუშევრის წაღებას ეძღვნებოდა. ვიდეორგოლი იწყება კადრებით ფილმიდან “მონანიება“.