ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრი, ლევან იოსელიანი გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება. იოსელიანის თქმით, ბოკერიამ იმას უღალატა, ვინც კაცად აქცია.
“მინდა გამოვეხმაურო ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, სადაც მე კაცის კაცი, ალეკო ელისაშვილს კი უსინდისო უწოდა. 30 წელზე მეტია ალეკოს მეგობარი ვარ, ანუ მისი “კაცი” ვარ. და ასეთად დარჩენას ვაპირებ მთელი ცხოვრება, განსხვავებით შენგან, ვინც მართლა კაცად გაქცია და ვისაც პირველივე შესაძლებლობაზე უღალატე. ისე, კაცის კაცობა არაკაცობას ნამდვილად ჯობია”. – წერს ლევან იოსელიანი.
გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ალეკო ელისაშვილმა 2 მაჟორიტარობის ოლქი მოითხვა, საბურთალოზე თავად ყოფილიყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი, მთაწმინდაზე კი ლევან იოსელიანი.
“იოსელიანს არავინ არ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა, უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა – ადამიანურად. 6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის – 36% პირველ ტურში, მეორეში – უფრო მეტი”. – თქვა ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა.
ოპოზიციასთან ვერ შეთანხმების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა ანა დოლიძესთან, ლევან კობერიძესთან და ლევან იოსელიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.