ვინც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, სად არიან, რატომ არ არიან აქ? – ანდრო ჭიჭინაძე

”ადამიანები აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ იციან, ვინ დააზიანათ და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ, ასე არ დგინდება სამართალი – ვინც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, სად არიან, რატომ არ არიან აქ?”- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„პრემიერმა თქვა – „მართალია დასანანია, მაგრამ აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით 50 ადამიანის დაკავება, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი 1000-მდე ადამიანიდან. თუ არ იყო ადამიანი იდენტიფიცირებადი და კონკრეტულად ძალადობრივი ქმედება ამ შემთხვევაში, არ ხდებოდა ადამიანის დაკავება“.

ჩემი აზრი ასეთია – როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირი სასამართლო განხილვების პარალელურად აკეთებს კომენტარებს და რომელიც შეიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოს და ჩვენ მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ აძლევს მოსამართლეს მითითებას, რომ ჩვენ მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, თუ ვინმე დაზიანდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიციელია თუ არა, ეს არის ძალიან ცუდი და ეს არავის უხარია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც აქ დაზარალებულის სტატუსით მოდიან და ამბობენ, რომ არ დავუნახივართ, არ იციან, ვინ დააზიანა და ჩვენ მიმართ პრეტენზია არ აქვთ – ასე არ დგინდება სამართალი.

ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, ისინი სად არიან, გაუგებარია, რატომ არ არიან აქ? ეს არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და იმედი მაქვს რომ ამ მარწუხებს გაუმკლავდებით“,- განაცხადა სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ.