პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მორიგი საგამოძიებო ვიდეო მოამზადა, სადაც ყვება, ვინ არის დავით ხიდაშელი. პროკურატურის ცნობით, ხიდაშელმა საქართველოში გარეჯის რუკები ჩამოიტანა.
ხოშტარიას თქმით, დავით გარეჯის საქმე სინამდვილეში რუსული საქმეა, რომელიც ივანიშვილმა შესასრულებლად ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა.
ის ასაჯაროებს მიმოწერას, რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერს, ბაშარ ალ ასადსა და ხიდაშელის ე.წ. ბერძნულ კომპანიას, Intracom-ს შორის სირიის ომის დროს მიმდინარეობდა.
ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ხიდაშელის კომპანია სანქციების გვერდის ავლით სატელეკომუნიკაციო სისტემებით ამარაგებდა ასადის რეჟიმს მაშინ, როცა სირიის ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.
საგამოძიებო ვიდეოში ელენე ხოშტარიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია ჟენევაში დავით ხიდაშელის საცხოვრებელი სახლის შესახებაც. ხიდაშელი “რუსულ სოფელში” ცხოვრობს, სადაც რუსი ჩინოვნიკების, KGB-სა და FSB-ს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.