ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების თითქმის ნახევარი ხანდაზმულთა თავშესაფარზე მოდის. სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, თუმცა ძირითადად მსგავსი. რატომ აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ? ამასთან დაკავშირებით შესაძლოა ზოგ ქვეყანაში გამოიძება დაიწყოს. გასულ კვირას განგაში ირლანდიის ხელისუფლებამ ატეხა.საქმის გამოძიება მოუწევს შვედეთის ხელისუფლებასაც.
სტოკჰოლმი და მისი მიმდებარე სიოდერმანლენდის ოლქი შვედეთის ყველაზე დაინფიცირებული რაიონებია. ყველაზე საშიში სიცოცხლისთვის კი აქაც ხანდაზმულთა სახლები აღმოჩნდა. შვედეთში სიკვდილიანობის მესამედი სწორედ ასეთ სახლებზე მოდის.
ფინელი ექთნის, სონია ასპინენის აზრით, რომელიც ასეთ სახლებში მუშაობს მაღალი სიკვდილიანობა ხელმძღვანელობის მიერ გამოჩენილი დაუდევრობის ბრალია.
“ჩემი აზრით, ბევრი ადამიანის დაინფიცირება პერსონალის ბრალია. განსაკუთრებით ხანდაზმულთა სახლებში. კორონავირუსის ინფექცია გარედან შემოიტანეს, და ამით ხანდაზმული ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს.“
შვედეთის ხელისუფლებამ მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებაზე უარი თქვა. ტესტირებაც ნაკლებად ტარდება, ისეთ მაღალი რისკის ზონებშიც კი, როგორიც არის ხანდაზმულთა სახლები.
“სისტემატური ტესტირება არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში იმ დაწესებულებებში, სადაც მე ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ იქ სიმპტომებიანი ადამიანები იყვნენ, ისინი კორონავირუსზე არ გაუტესტავთ“– ყვება სონია.
მისი აზრით სიტუაციას ამძიმებს ხანდაზმულთა სახლების თანამშრომელთა დაბალი კვალიფიკაცია: ბევრი მათგანი შვედურად ძლივს ლაპარაკობს და ჰიგიენის წესებს არ იცავს. შვედეთის მთავრობა პირობას დებს, რომ გამოძიებას ჩაატარებს.
27 აპრილის მონაცემებით შვედეთში კორონავირუსს 2274 ადამიანი ემსხვერპლა. შედარებისთვის, მეზობელ ფინეთში – 190 , ნორვეგიაში 202, დანიაში კი 422.