შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატი წარადგინა.
რობინ დანიგენი, ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ნომინაციის შესახებ თეთრმა სახლმა განცხადება 13 თებერვალს გაავრცელა.
მანამდე დანიგენი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა დროს, ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას; მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
დანიგენმა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი „ეროვნული ომის კოლეჯში“ მიიღო. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურის გარდა, საუბრობს ესპანურ და გერმანულ ენებზე.
ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ვიდრე სენატი გადაწყვეტილებას მიიღებს, საკანონმდებლო ორგანოში მოსმენები გაიმართება და ელჩობის ნომინანტი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს და წარმოადგენს საკუთარ ხედვას, ამერიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ნომინირებული კანდიდატი შეიძლება იყო კარიერული დიპლომატი, ან პოლიტიკური მოსაზრებებით დანიშნული ფიგურა. საქართველოში, ტრადიციულად, კარიერული დიპლომატები ინიშნებიან. რობინ დანიგენი კარიერული დიპლომატია და სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს შეცვლის. კელი დეგნანი, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2020 წლის 29 იანვრიდან იკავებს.
წყარო:ამერიკის ხმა