ვინ არის მარია ლვოვა-ბელოვა, რომლის დაპატიმრების ორდერი ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის ორდერთან ერთად გასცა. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მას, როგორც რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს ბრალი ედება უკრაინეილ ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.
„არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ქ-ნ ლვოვა-ბელოვას ეკისრება პირადი პასუხისმგებლობა აღნიშნულ დანაშაულებზე, ამ ქმედებების ჩადენით პირდაპირ, სხვა პირებთან ერთად ან/და სხვა პირების ქმედებებით“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
თავად ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ ის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი მუშაობის დადებით შეფასებად თვლის.
„ძალიან კარგია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დააფასა ჩვენი ქვეყნის ბავშვების დასახმარებლად შრომა, რომ არ ვტოვებთ მათ საომარ ზონაში, რომ გამოგვყავს, რომ ვუქმნით მათ კარგ პირობებს, გარშემორტყმულნი არიან მოსიყვარულე მზრუნველი ადამიანებით. იყო სანქციები ყველა ქვეყნიდან, იაპონიიდანაც კი, ჩემთან მიმართებაში, ახლა არის დაკავების ორდერი, საინტერესოა რა იქნება შემდეგი“, – თქვა მან RTVI-სთვის მიცემულ კომენტარში.
რა არის ცნობილი იმ თანამდებობის პირის შესახებ, რომელიც, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების აზრით, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად უნდა დააკავონ?
მარია ლვოვა-ბელოვა ბავშვთა უფლებების კომისრად 2021 წლის ბოლოს დაინიშნა. მანამდე იგი ფედერაციის საბჭოში პენზის რეგიონს წარმოადგენდა და იყო სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის – პუტინის მიერ შექმნილი მოძრაობის პენზის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი.
38 წლის ლვოვა-ბელოვას ჰყავს ხუთი ბიოლოგიური შვილი და კიდევ 4 ნაშვილები. გარდა ამისა, ომბუდსმენის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 13 შშმ ბავშვი. ამის შესახებ მან პუტინს დანიშვნის შემდეგ განუცხადა.
2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუტია, ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე და მათ რუსეთში „ინტეგრაციაზე“. იგი თავიდანვე იყო ამ პროცესების საჯარო პირი, სპიკერი და ორგანიზატორი.
თავად ომბუდსმენი უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანას “ევაკუაციას” უწოდებდა და მას ბავშვების ინტერესების დაცვით ხსნიდა, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს ქმედებები კლასიფიცირებულია როგორც დეპორტაცია და გენოციდი.
2022 წლის ზაფხულში ლვოვა-ბელოვამ თქვა, რომ მან თავად იშვილა ბავშვი მარიუპოლიდან, რომელიც რუსული ჯარების მიერ იყო დატყვევებული. ის რეგულარულად აქვეყნებს მოზარდის ფოტოებს სოციალურ ქსელებში და ამ ამბის შესახებ პროპაგანდისტული ფილმიც კი გადაიღეს.
ლვოვა ბელოვა პუტინთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, და მას საკუთარი საქმიანობის შესახებ დეტალურად უყვება. მათი შეხვედრები ხშირად გადაიცემა რუსული ტელეარხებით. სწორედ ამ შეხვედრების ჩანაწერებით ირკვევა, რომ პუტინი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში პირადად იყო ჩართული. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმეში ერთ–ერთი მთავარი მტკიცებულება. ერთ–ერთ შეხვედრაზე პუტინი ამბობს, რომ იზრდება რუსეთის მოქალაქეების მიმართვა ბავშვების შვილად ასაყვანად დონეცკის, ლუგანსკის რესპუბლიკებიდან, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიდან. ბელოვა კი მას ბიროკრატიული ბარიერების შესახებ უყვება:
ბელოვა: ჩვენთან ჩამოვიდა 1090 ობოლი ბავშვი სხვადასხვა საბავშვო დაწესებულებიდან. ჩვენი მოქალაქეები უკვე რიგში ჩადგნენ ბავშვების ასაყვანად.
პუტინი: ძალიან კარგი
ბელოვა: და თუ თქვენ ნებას მოგვცემთ გავაგრძელებდით ამ სამუშაოს. მე უკვე გავაკეთე რეესტრი, მათგან, ვისაც აქვს დოკუმენტები. ნაწილი შეიძლება დროებით განვათავსოთ. ნაწილი, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, უკვე შეგვიძლია გავაშვილოთ.
პუტინი: რატომ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები? ნებისმიერი მოქალაქეობით გააშვილეთ.
ბელოვა: უბრალოდ არის გარკვეული საკანონმდებლო ბარიერები, რომელთა აღმოფხვრა იქნება საჭირო.
პუტინი: გვითხარით რა ბარიერებია და მივხედავთ. საგანგებო გარემოებებია და ჩემი აზრით ბიუროკრატიულ ბარიერებზე კი არა, ბავშვების ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ. შემოიტანეთ წინადადება და შევცვლით კანონმდებლობას. მივმართავთ დუმას და დარწმუნებული ვართ დეპუტატები მხარს დაგვიჭერენ.
ერთ–ერთი ასეთი შეხვედრის ბელოვამ პუტინს მარიუპოლელი ბიჭის შვილად აყვანის შესახებაც უამბო და უთხრა, რომ მათ ერთმანეთი უკვე ძალიან უყვართ.
15 წლის ნაშვილები ბიჭი ფილიპ გოლოვნია, და ის სავარაუდოდ ობოლია – მედიაში აღინიშნა, რომ ბოლოს დედას 11 წლის ასაკში ესაუბრა.
ფილიპი მარიუპოლიდან ბავშვთა ჯგუფთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე წაიყვანეს ჯერ დონეცკში, შემდეგ კი მოსკოვის რეგიონის სანატორიუმში, სადაც მას ბავშვთა უფლებების კომისარი შეხვდა.
ფილიპს, ლვოვა-ბელოვას თქმით, მოსწონს რუსეთი, მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი, მისივე სიტყვებით, არ იზიარებდა ამ გრძნობებს. ისინი “ნეგატიურად საუბრობენ პრეზიდენტზე [პუტინზე], ამბობენ ბევრ საზიზღრობას, მღერიან უკრაინის ჰიმნს, ამბობენ “დიდება უკრაინას” და მსგავს რაღაცეებს“- თქვა მან სექტემბერში, რუსეთის საჯარო პალატაში გამოსვლისას.
თუმცა, რუსული ოჯახების მზრუნველობის ქვეშ მოქცევის შემდეგ, ლვოვა-ბელოვას თქმით, ეს „გარკვეული ნეგატივი“ „რუსეთის სიყვარულში“ გარდაიქმნა.
„ჩვენ დავიწყეთ ბიჭების გამოკითხა: „ანუ თქვენ ამბობთ, რომ რუსეთი ცუდია. კი ბატონო, რუსეთი იყოს ცუდი, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაბრუნდეთ ახლა. არცერთ ბავშვს არ სურდა დაბრუნება, ყველამ თქვა: ”ჩვენ აქ ძალიან კარგად ვართ”, – ყვება ბელოვა.
თავდაპირველად, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მეურვეობასთან დაკავშირებით „საუბარია არა ბრძოლის დროს დაობლებულებზე, რომელთა მშობლები გარდაიცვალნენ და შესაძლებელია მათი ნათესავების პოვნა, არამედ ბავშვებზე, რომლებიც სპეციალურ დაწესებულებებში ობლის სტატუსით დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
თუმცა, მაშინ თავად ბელოვამ თქვა, რომ მარიუპოლის “სარდაფებში ნაპოვნი” დაახლოებით 30 ბავშვი ასევე მეურვეობის ქვეშ მოექცა რუსეთში. უკრაინამ იქიდან რამდენიმე ბავშვის დაბრუნება სცადა, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მათ კანონიერი წარმომადგენლები ჰყავდათ. ბელოვამ ასეთ საფუძვლებს “რაღაც გაუგებარი” უწოდა.
ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ სანქციები უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანის პროცესის წარმართვისთვის ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა შემოიღეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერისთვის, იგი ასევე მოხვდა ავსტრალიის, კანადისა და იაპონიის სანქციების სიაში.
კიევში ბავშვების გაყვანა განიხილება გენოციდის გამოვლინებად და რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკად, რათა გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელები, როგორც ერი.
“ჩვენი ბავშვების მოტაცებით რუსეთი პირდაპირი გაგებით იპარავს ჩვენს მომავალს“– განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა.