ვინ არის ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებული თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, ის 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა.

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით დღის 12:00 საათზე შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია ადგილზე დაახლოებით 9 საათი მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.” – ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.