“ვინ დაგიძახათ საშველად ამ სფეროში?” – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელმაც კანონმდებლებს „რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო.
„მაინტერესებს, ვის ერჩით თქვენი ამ ცვლილებებით? ერჩით რეპროდუქციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს და მიგაჩნიათ, რომ მათ ინტერესებს იცავთ? იცავთ რეპროდუქციის პროცესში მონაწილე მშობელს, რომელიც, ამ შემთხვევაში, შემკვეთია, უნდა რომ შვილი ჰყავდეს და ამისთვის იბრძვის თუ ებრძვით იმ ადამიანს, რომელიც უშვილო წყვილებს შვილის გაჩენაში ეხმარება? სამივე ეს ადამიანი, ჩემი აზრით, ვინც ამის შედეგად დაიბადა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, კარგი ადამიანები არიან. არ გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ ისინი რამენაირად ცუდი ადამიანები არიან. როდესაც სხვა დროს ბავშვი იბადება, არ ვიკვლევთ ყველაფერი რამდენად იდეალურად იყო ამ ბავშვის ჩასახვის დროს. უყვარდათ თუ არა მათ მშობლებს ერთმანეთი; სათანადო პირობები ჰქონდათ თუ არა; შეესაბამებოდნენ თუ არა ერთმანეთს, მილიონ სხვადასხვა კრიტერიუმს არ ვიკვლევთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე რეპროდუქციულ საკითხს ეხება, თითქოს, სათაკილო საქმე იყოს, ისეთი კონტროლის მექანიზმები გაქვთ შემოთავაზებული; თითქოს, რომელიმე ეს მონაწილე ცუდ საქმეს აკეთებდეს; თითქოს, ამის შედეგად ცუდი ხდება ამ ქვეყანაში და ჩვენ მისი შედეგების აღმოფხვრა გვინდა. არ ვიცი, ამას ნებაყოფლობით აკეთებთ, არანებაყოფლობით აკეთებთ, მაგრამ, სინამდვილეში, იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს აქამდე გაუკეთებიათ, იმ ბავშვებს, რომლებიც ასე დაიბადნენ, შეურაცხყოფას აყენებთ, თითქოს, რაღაც ცოდვილი საქმიანობის შედეგად დაიბადნენ. თითქოს, რაღაც უკანონო საქმიანობის შედეგად დაიბადნენ; თითქოს ცუდი რამ ჩაიდინეს ამ ადამიანებმა. იცით, რამდენი ადამიანია ამის შედეგად ქვეყანაში დაბადებული? რამდენ ადამიანს უსარგებლია ამ მომსახურებით? რატომ ებრძვით ამ ადამიანებს და ვინ მოგცათ ამის უფლება, რომ თქვენ ასე იქცეოდეთ ადამიანების გამრავლების პროცესში? ადამიანების შვილისთვის ბრძოლის პროცესში თქვენ შემოდიოდეთ, ისე, რომ არგუმენტიც კი არ გქონდეთ რა ღირებულებას იცავთ?! აქამდე რა მოხდა ცუდი? ამ ადამიანებმა ცუდი აქამდე რა გააკეთეს, რომელიც გინდათ, რომ მომავალში საზოგადოებას თავიდან აარიდოთ? ვის ინტერესებს იცავთ საერთოდ? ვინ დაგიძახათ საშველად ამ სფეროში? მგონია, რომ დღემდე რეგულირებულია ეს სფერო, რეგულირებულია სამედიცინო დაწესებულებები და რეგულირებულია საპასპორტო ნაწილში, აღრიცხვის ნაწილში. მე არც კი მესმის, სინამდვილეში, ამით რას ვარეგულირებთ?! მე ვერ ვხვდები განსხვავებას რეპროდუქციის შედეგად დაბადებულ და ჩვეულებრივი სქესობრივი აქტით ჩასახულ ბავშვს შორის. რანაირად შეიძლება, ერთ შემთხვევაში, ვაჭრობის რისკები არ იყოს და მეორე შემთხვევაში, დგებოდეს ვაჭრობის რისკი? ვაჭრობასთან საერთოდ რა შუაშია ბავშვი როგორ ჩაისახება?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.