”პრივატიზაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმდევი პროცესია. თუმცა საქართველოში პრივატიზაცია საყურადღებო კორუფციულ რისკებს შეიცავს. ერთი შეხედვით ღია პროცესი სინამდვილეში კონკრეტული პირების სარგებელს არის მორგებული სახელმწიფოს ზარალის ხარჯზე. როგორია პრივატიზაცია ქართულად?” – ამის შესახებ ნათქვამია, “ფლაგვის დეტექტორის” კვლევაში.
სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემა სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული პრაქტიკაა. პრივატიზება ეხმარება ქვეყანას, სახელმწიფოს ქონება, რომლის განვითარების რესურსიც მას არ აქვს, საკუთრებაში გადასცეს კერძო სექტორს, რომელიც მას გამოიყენებს, განავითარებს, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. პრივატიზაციის სასიკეთო შედეგებს დიდწილად პრივატიზაციის პროცესის შესაბამისი წარმართვა განაპირობებს, თუ რა ფორმით და როგორ ხორციელდება ის, რამდენად არის კორუფციული რისკები დაძლეული და სტანდარტები დაცული. თუმცა, პრივატიზაციის პროცესის სამართლიანობა საქართველოში კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც გამოწვეულია დაბალი კონკურენციით და არასათანადო გამჭვირვალობით.
სახელმწიფო ქონებას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მართავს და განკარგავს. აუქციონის სისტემა ის ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებითაც კერძო სექტორს სახელმწიფო უძრავი ქონების შეძენა შეუძლია. აუქციონის სისტემას არ გაჩნია შესაბამისი ანტიკორუფციული მექანიზმი, რაც გამორიცხავს ისეთ საეჭვო შემთხვევებს, რა დროსაც აუქციონს ახლად დარეგისტრირებული კომპანია იგებს ან პირდაპირი აუქციონის საშუალებით კონტრაქტს თანამდებობის პირის ოჯახი ან დაკავშირებული პირები იღებენ.
ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა პრივატიზაციის მეორე სახეობა, როდესაც სახელმწიფო პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცემს კერძო პირს ქონებას. ყველაზე ხშირად, სახელმწიფო გარკვეული დათქმებით ასხვისებს ქონებას. ეს შეიძლება იყოს: საინვესტიციო ვალდებულება, გადასაცემი ქონების განსავითარებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარება და სხვა. თუმცა, საქართველოში სახელმწიფო ქონების განკერძოების აღნიშნულმა პრაქტიკამ, ბოლო წლებია, განსხვავებული ფორმა მიიღო, რა დროსაც ვალდებულებების გაცემა მხოლოდ ფორმალურად ხდება და პრივატიზაციის პროცესი მხარეთა შორის გაუმჭვირვალედ წარიმართება.
იმის დასადგენად თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება სახელმწიფო ქონების გასხვისება, ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა პრივატიზაციის პროცესი და ის შემთხვევები რომელიც შეიცავს სავარაუდო კორუფციულ რისკებს.
რა არის პრივატიზაცია და როგორ მუშაობს?
“ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა კანონით დადგენილი წესით”, სწორედ ასე განმარტავს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ტერმინს პრივატიზებას.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრივატიზაცია არის სტრატეგიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების ან აქტივების კერძო სექტორზე საკუთრების და კონტროლის გადაცემას. პრივატიზაციით მთავრობა ცდილობს გაზარდოს ეფექტურობა, ხელი შეუწყოს კონკურენციის ზრდასა და ეკონომიკის გაუმჯობესებას.
პრივატიზაცია შეიძლება სასარგებლო ცვლილებების მომტანი იყოს ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისთვის, მაგრამ არასწორად განხორციელებულ პრივატიზაციას ზიანის მოტანაც შეუძლია. მაგალითად, გაერთიანებული სამეფო და გერმანია, სინგაპური, ავსტრალია, დანია, ნორვეგია – ეს ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით (ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, ტრანსპორტი) განხორციელებული პრივატიზაციის წარმატებულ მაგალითებს წარმოადგენს. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ წარმატებული პრივატიზაცია მოითხოვს პროცესების ფრთხილად დაგეგმვას, შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს და თითოეული ქვეყნის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებას. მიუხედავად იმისა, რომ პრივატიზაციას შეუძლია დადებითი შედეგები მოიტანოს, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი ინტერესები და პოტენციური უარყოფითი შედეგების თავიდან არიდება მოხდეს.
საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და კორუფცია. ამ გამოწვევებს ადასტურებს როგორც სასამართლოს მიმართ ნდობის და კორუფციის ინდექსის მაჩვენებლები, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციები, სადაც ამ მიმართულებით რეფორმების აუცილებლობაზეა საუბარი.
ამ გამოწვევების ფონზე, ბუნებრივია, პრივატიზაციის პროცესი მაღალი რისკების შემცველია და შეიძლება გამოყენებული იყოს თანამდებობის პირების მიერ კორუფციული მიზნებისთვის, როგორიც არის პირადი მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მიღება. პრივატიზაციის სწორად შერჩეულმა ფორმებმა და გამჭვირვალე პროცესმა, უნდა დააზღვიოს ან შეამციროს მსგავსი რისკები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ წარმართავს სახელმწიფო ამ პროცესს.
კანონის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შემდეგი ფორმები არსებობს:
-
აუქციონი;
-
პირდაპირი მიყიდვა; (არაპირდაპირი მიყიდვა და პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე)
-
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
ქონების პრივატიზაციას სხვადასხვა ბენეფიტები აქვს, მათ შორის სახელმწიფოს შეუძლია თანხის მიღება. სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 4 წლის, 2019-2022 წლების განმავლობაში სახელმწიფომ ქონების პრივატიზაციის შედეგად 576,975,444 ლარი მიიღო. ჯამში ამ წლების განმავლობაში უძრავი ქონების პრივატიზაციის მიზნით 8985 აუქციონი გამოცხადდა.
სტატისტიკაზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში (2019-2022 წლები) გამოცხადებული აუქციონთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება, რასაც თან სდევს აუქციონის შედეგად მიღებული თანხების რაოდენობის ზრდა. ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები ქონების პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 2021 წელს შევიდა და ჯამში 206,301,245 ლარი შეადგინა.
ბუნებრივია, სახელმწიფო უძრავი ქონების გარდა, მოძრავი ქონების პრივატიზებასაც ახდენს. მაგალითად, 2020-2022 წლების განმავლობაში ინტერნეტ აუქციონით რეალიზებული ქონება კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:
2020 წელი:
2021 წელი:
2022 წელი:
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, გამჭვირვალე, სამართლიანი და კორუფციისაგან დაცლილი პრივატიზაცია სარგებლის მომტანია, თუმცა საინტერესოა, როგორ მუშაობს სახელმწიფო პროექტები პრივატიზაციის მიმართულებით და ვინ იღებს გარკვეულ შემთხვევებში სარგებელს საქართველოში?
სახელმწიფო პროექტები პრივატიზების ხელშეწყობისთვის
2016 წლის 20 სექტემბრიდან, “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” პროექტი აემოქმედებინა. პროექტის მიზანი ტურიზმის განვითარება იყო, რაც ინვესტორებისთვის ტურისტულად აქტიურ ზონებში ინფრასტრუქტურის გადაცემას მოიცავდა. ინვესტორები ხელშეკრულებით განსაზღვრულ სასტუმროს მოწყობის ვალდებულებას იღებდნენ.
მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ამოქმედებიდან დაახლოებით სამ წელიწადში, 2019 წელს, პროექტმა დამოუკიდებლად არსებობა შეწყვიტა და “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” პროექტთან ინტეგრირდა. თითქმის 6 წლის განმავლობაში, ნაცვლად 50 ქონებისა, როგორც ეს ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა დაგეგმილი, 29 ქონების პრივატიზება მოხდა, რომელთაგან 2022 წლის მაისის მონაცემებით, მხოლოდ 5 სასტუმრო იყო დასრულებული – 22 მიმდინარეა, ხოლო 2 შეწყვეტილი. მსგავსი პროექტები, ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ინვესტიციებისთვის განხორციელებული პრივატიზაციის ფარგლებში დასახული მიზნები მიუღწეველი აღმოჩდნეს.
კიდევ ერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პრივატიზაცია ხდება “აწარმოე საქართველოშია”. სახელმწიფო ქონების 2022 წლის ანგარიშის თანახმად „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, 149 ბენეფიციარისთვის გადაცემულია უძრავი ქონება. მოსალოდნელი ინვესტიციების ოდენობა შეადგენს 204,302,820 ლარს, ხოლო დასაქმებულთა პოტენციური რაოდენობა 11,000-მდე ადამიანს
უნდა აღინიშნოს, რომ “აწარმოე საქართველო” არაერთხელ მოხვდა ფლანგვის დეტექტორის ობიექტივში, რადგან დაფინანსებას ხშირად მმართველი ოცნების შემომწირველები და დაკავშირებული პირები იღებენ. აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა სახელმწიფოს მიერ 2017−2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის სისტემური აუდიტი ჩაატარა. შემოწმების ფარგლებში პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიერ გაცემული გრანტების ეფექტიანობაც შეისწავლეს, სადაც აუდიტის სამსახურმა დარღვევები და ნაკლოვანებები გამოავლინა, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტიანი და არაეკონომიური ხარჯვის მიზეზი.
ბუნებრივია, ეს მაგალითები პრივატიზაციის სრულ პროცესზე არ ვრცელდება, თუმცა აჩვენებს, რამდენად წარუმატებელი შეიძლება იყოს საინვესტიციო მიზნებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების ნაწილში კორუფციის შემცველი პრივატიზაცია.
ვინ იღებს სარგებელს?
შესაძლო კორუფციული პრივატიზაციის განხილვაზე არა ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, თუ როგორ იღებენ სახელმწიფოსაგან ქონებას ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები. ერთ-ერთი თვალსაჩინო შემთხვევა, ვიქტორ სანიკიძისათვის 0 ლარად გადაცემული ქონებაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა.
2021 წელს სახელმწიფო ქონება ვიქტორ სანიკიძის კომპანიას გადაეცა. კერძოდ, კომპანიის დაარსებიდან 9 თვეში, ხოლო ვიქტორ სანიკიძის პარლამენტის წევრობიდან 5 თვეში, შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას სახელმწიფომ უზუფრუქტით, 50 წლით გადასცა 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. ქონება ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.
უზუფრუქტი გარკვეული დროის პერიოდით საკუთრების უფლების მინიჭებაა იმ განსხვავებით, რომ პირს არ აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. შესაბამისად, მომავალი 50 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ეს საკუთრება ვიქტორ სანიკიძის კომპანიის განკარგულებაში იქნება, თუმცა ვერ შეძლებს საკუთრების დაგირავებას, გასხვისებას და მემკვიდრეობით გადაცემას. ეს ყველაფერი ვიქტორ სანიკიძეს 0 ლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ თავად შენობის მშენებლობა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015-ის ფარგლებში დაიწყო. შესაბამისად, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან თანხები დახარჯა შენობის ასაშენებლად და ინვენტარიზაციისათვის, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა და შემდგომში ის საკუთარი პარტიის წევრს გადასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ სანიკიძის კომპანიას ქონების გადაცემასთან ერთად გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა, არც ერთი ვალდებულება არ წარმოადგენს მძიმე ტვირთს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვალდებულები მხოლოდ ფორმალურად იქნა გაწერილი და შეიძლება არსებობდეს გარკვეული კორუფციული რისკები.
ბუნებრივია, თუ მოცემული კომპლექსის გადაცემას სახელმწიფო მეტი გამჭვირვალობით წარმართავდა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოიწვევდა, რათა კონკურენტულ გარემოში წარმართულიყო პროცესი, ბუნებრივია, შეძლებდა სხვადასხვა წინადადებების მიღებას და ყველაზე მომგებიანი/სასარგებლო წინადადების ამორჩევას.
სახელმწიფო უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხშირ პრაქტიკას საქართველოს ეკლესიაშიც ვხდებით.
2019-2021 წლებში საპატრიარქოს 3,476,416 მ² ფართობის უძრავი ქონება გადაეცა, საიდანაც 47 მიწის ნაკვეთი იყო ჯამში 3.36 კმ² ფართობით, ხოლო 28 შენობა-ნაგებობა 7050 მ² ფართობით. აღსანიშნავია, რომ უძრავის ქონების სააგენტო ინფორმაციას ეკლესიისთვის გადაცემულ სახ. ქონების 2022-2023 წლების სტატისტიკას აღარ გასცემს. თუმცა, თუ საჯარო რეესტრის დოკუმენტაციებით ვიმსჯელეთ, ეკლესიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის პრაქტიკა ისევ გრძელდება.
უნდა აღნიშნოს რომ საქართველოს ეკლესია, სახელმწიფო ქონებას არა მხოლოდ საეკლესიო არამედ კომერციული მიზნებისთვისაც იყენებს.
2021 წელს ეკლესიამ სახელმწიფოსგან 1 ლარად მიიღო, 480 კვ.მ, მიწის ნაკვეთი თბილისში, პრესტიჟულ უბანში, ჭავჭავაძეზე. საქართველოს ეკლესიამ საკუთრების რეგისტრაციიდან მალევე გააფორმა 10 წლის ვადით იჯარის ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლისგანაც 1000 აშშ დოლარს მიიღებს.
დასკვნა და რეკომენდაციები
საქართველოში პრივატიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, მთავარ გამოწვევას კი პროცესის გაუმჭვირვალობა, მიკერძოება და დაბალი კონკურენცია წარმოადგენს. ქვეყანაში არსებული ელიტური კორუფციის პირობებში, მაღალი თანამდებობის მქონე და მათთან დაახლოებულ პირებზე გადაცემული სახელმწიფო ქონება მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული რისკებს, რასაც თან სდევს პროცესის ღიაობის ნაკლებობაც.
საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პრივატიზაციის უნივერსალური სამართლებრივი ჩარჩო არ არსებობს და სხვადასხვა ქვეყნები პრივატიზაციის პროცესს განსხვავებულად გადიან.
თუმცა არსებობს ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პრივატიზაციის პროცესში, საქართველოში, ესენია:
-
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა
სახელმწიფო პრივატიზაციის პროცესში გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა აუქციონის სისტემის დარკვირვებისას და სახელმწიფოს მხრიდან ქონების პირდაპირი გადაცემის პროცესში. რასაც ემატება ის რომ მთავრობა არ ასაჯაროვენს განკარგულებებს, რის საფუძველზეც სახ. ქონების განკერძოება ხდება, ასევე დახურლია ინფორმაცია პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ. შესაბამისად, უმთავრესია უპირველსად აღნიშნული გამოწვევა იქნას აღმოფხვრილი;
-
კორუფციის პრევენციული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა
აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული მექანიზმი რომელიც გამოააშკარავებს და მოახდენს კორუფციული შემთხვევების პრევენციას.
-
მონიტორინგი საპრივატიზაციო ვალდებულებების
ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირი/კომპანია რომელიც სახელმწიფოსგან შეღავათიან ფასში იღებს ქონებას არ ასრულებს ჯეროვნად ვალდებულებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს სისტემატური მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომები იყოს გატარებული.
დღეს სახელმწიფოს საკუთრებაში კიდევ ბევრი უძრავი ქონება და მიწაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჭირო რეფორმა და რეკომენდაცია დროულად იქნეს გატარებული და დანერგილი.
წყარო : ფლანგვის დეტექტორი