ტელეკომპანია „იმედს“ Hunnewell Partners-ის ერთ-ერთი ქვესტრუქტურა ყიდულობს, რომელის ერთ-ერთი პარტნიორი დამფუძნებელი ირაკლი რუხაძეა.
„მე და ჩემმა პარტნიორებმა „ტელეიმედი“ ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს“, – აცხადებს რუხაძე იმედთან საუბრისას.
მათივე ცნობით, 2018 წლამდე Hunnewell Partners-ი აქტივების მართვის მულტიიურისდიქციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფისებით ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევში, მალაგაში და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე.
“ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მაღალი პროფილის მქონე პერსონების განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების აქტივებს.
საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმსხვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით, როგორებიცაა „მაგთიკომი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი. ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც”,– აცხადებს იმედი.