ვისაც მე არ მოვწონვარ, ხმა მისცეს ნიკას, ვისაც არ მოსწონს ნიკა, ხმა მისცეს ზურას, „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“ – ხოშტარია

ვისაც არ მოვწონვარ მე, ხმა მისცეს ნიკას. ვისაც არ მოსწონს ნიკა – ხმა მისცეს ზურას, „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“ – ამის შესახებ  პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებაში როგორი რეალობაა? არის უამრავი ადამიანი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი უნდა და ეს მათი უფლებაა. ყველა შეეგუოს, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსაზღვრავს ხალხი. ასევე არსებობს ხალხი, ვისაც „ქართული ოცნება“ უნდა. როცა ჩვენ მთავრობაში მოვალთ, აბა ვინმეს მოუტრიალდეს ენა და შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს. წინასწარ ვამბობ, ამის უფლებას არავის მივცემ. ხალხის ამომრჩევლებად დაყოფა არის კატასტროფა, დახლეჩა. რისთვის არის არჩევნები? ვინ ვის უყვარს, ამისთვის არ არის. არჩევნებზე ბიულეტენში უამრავი პარტია წერია და ეს მრავალფეროვანი არჩევანი უკვე შემდგარია. როგორც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, 2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები. ეს არის საქართველოს მომავალი და ამას „ქართული ოცნება“ ვერ წაშლის. მათთან მორალის კითხვას აზრი არ აქვს. „ამას იმას დავაპირისპირებ, იმას ამას დავაპირისპირებ“ – ეს უნდა დავამთავროთ. დავაპირისპირებ კიარა, გავაერთიანებ, აი ამით მოვდივართ ჩვენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.