“ვისაც ფული აქვს, მათი მშობლები გადარჩებიან” – მენაბდე ხაზარაძეს აკრიტიკებს

“ვისაც ფული აქვს იმათი მშობლები გადარჩებიან, ვისაც არა დაიხოცებიან”,– ასე ეხმიანება “საიას“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

მენაბდე აკრიტიკებს ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების კომერციულად შემოტანა ქვეყანაში დაშვებული უნდა იყოს.

“ხაზარაძე: „აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა“. (მნიშვნელოვანია, რომ ამ კაცს აქვს პრეტენზია რომ ეს ქვეყანა მართოს).

რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოვიქცეთ, რომ მდიდრები აიცრან, ღარიბები რაც მალე მოკვდებიან, უკეთესია. საერთოდაც, ვაქცინაციის პრიორიტეტები სახელმწიფომ კი არ დაადგინოს, რისკ ჯგუფების და საჭიროების მიხედვით, არამედ თავისუფალმა ბაზარმა. ვისაც ფული აქვს იმათი მშობლები გადარჩებიან, ვისაც არა დაიხოცებიან.

თან ცოტა ფულსაც გააკეთებენ. სტატუს კლიენტებს ურიგოდ დაარჭობენ პირდაპირ TBC-ის ფილიალებში. რატომაც არა? სადაც სეგრეგირებული მომსახურების მიღება მოსულა, 100 ლარით მეტი შემოსავლის გამო, სიცოცხლეც სეგრეგირებულად დავარიგოთ”,– წერს ვახუშტი მენაბდე Facebook–ზე.