ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? – პაპუაშვილი

იგივე კითხვა მინდა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? ვფიქრობ, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას, პასუხი გაეცეს და ამ პასუხში ჩვენ დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილი ვიზიტს ბალტიის რეგიონში.

”რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ასე გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა, რომ ამ სამ სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ასეთი მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ამის ახსნაც არსებობს, მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ ბალტიის ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ და დადგნენ ამ შიშების პირისპირ, ცდილობენ რაღაც რისკები სხვა ქვეყნების მეშვეობით აიცილონ. ამ შემთხვევაში, საქართველო ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი რისკების თავიდან აცილებისთვის. ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე, ვიცით, რომ რადიკალური NGO-ები რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. აი, ეს არის, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს“