ვისურვებდი, რომ მელიას გირაო გადაეხადა, არ მემეტება საპატიმროსთვის – იოსელიანი

მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს.

“ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. შევეცდებით, “ქართული ოცნებიდან” კოლეგები დავარწმუნო (რისი იმედიც არ მაქვს), რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის სწორი იმ საქმეზე, რაზეც უფლებამოსილება ერთხელ უკვე შეუწყდა და მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო. დარწმუნებული ვარ, კოლეგები გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ და გაიაზრებენ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, სადაც პროცესს კიდევ უფრო გაართულებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა. მოლაპარაკებების სივრცეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დაავიწროვებს”,– ამბობს იოსელიანი.

მისივე განცხადებით, მელია საპატიმროსთვის არ ემეტება.

“ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, მან როგორც პოლიტიკოსმა ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით კარგი არაფერი მოხდება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს, როცა ოპოზიციის დიდი ნაწილი გარეთაა და მოლაპარაკებები ვერ გრძელდება. მოლაპარაკებები რომ გაგრძელდეს, საჭიროა ნდობის აღდგენა, ეს გადაწყვეტილება კი უფრო მეტად დამაბრკოლებელი იქნება, “- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.