დღეს, 17 აპრილს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო.
საქართველოს მთავრობის 252-ე დადგენილების მიხედვით, გადაადგილება არ ეკრძალებათ:
- საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
- საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
- სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
- სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების მიზნით გადაადგილებას;
- ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას;
- შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- ფიზიკური პირის გადაადგილებას საჯარო დაწესებულებაში მისვლის მიზნით (გარდა ამავე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ფიზიკური პირისა), რაც დასტურდება საჯარო დაწესებულების მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით/უწყებით;
- ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
- ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
- კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
- მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილებას, ასევე სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
- საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- სასოფლო-სამეურნეო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
- ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
- ევაკუატორით მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის/გაზის/ელექტროენერგიის/ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
- საჯარო დაწესებულებების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
- ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
- ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.