ვის არ ეკრძალება ავტომობილით გადაადგილება – მთავრობის დადგენილება

დღეს, 17 აპრილს 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო.

საქართველოს მთავრობის 252-ე დადგენილების მიხედვით, გადაადგილება არ ეკრძალებათ:

  •  საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  •  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  •  საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  •  სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების მიზნით გადაადგილებას;
  •  ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას;
  •  შენობების საერთო დასუფთავებისა და დეზინფექციის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  •  ფიზიკური პირის გადაადგილებას საჯარო დაწესებულებაში მისვლის მიზნით (გარდა ამავე საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ფიზიკური პირისა), რაც დასტურდება საჯარო დაწესებულების მიერ მისთვის გაგზავნილი შეტყობინებით/უწყებით;
  •  ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  •  ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  •  კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • მიცვალებულის გადასვენების/დაკრძალვის მიზნით გადაადგილებას, ასევე სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
  • საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“) გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  • სასოფლო-სამეურნეო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
  •  ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო მანქანის/ტექნიკის გადაადგილებას;
  •  ევაკუატორით მომსახურების მიზნით გადაადგილებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  •  მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა), ასევე წყლის/გაზის/ელექტროენერგიის/ინტერნეტის შეკეთების მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას;
  •  საჯარო დაწესებულებების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
  •  ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  •  ამ დანართის მე-7 მუხლით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.