მთავრობამ ახალი, 221-ე დადგენილება გამოსცა, რომელიც ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მონიტორინგის პროცედურას ეხება.
დადგენილების მიხედვით, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ჯანდაცვის სამინისტროდან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განახორციელებს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროდან- ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
,,ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს, სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებები”,- ვკითხულობთ დადგენილებაში.
უწყებებს უფლება ექნებათ კომპანია ადგილზე დააჯარიმონ, თუ დარღევევის გამოკვლევის საჭიროება არ იქნება.
,,საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,” – წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებული დადგენილებით საქართველოში მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება შეიზღუდა, თუმცა დარჩა საგამონაკლისო საქმიანობები.
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა იურიდიული პირისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს – 15 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.