ვის ექნება 27–28 აპრილს გამონაკლისის წესით ქალაქებიდან გასვლის და შესვლის უფლება

 

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათიდან მსუბუქ ავტოტრანსპოროტზე შეზღუდვები იხსნება, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და დიდი ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით დაწესებული შეზღუდვები, გამონაკლისი მხოლოდ ორშაბათს და სამშაბათს დაიშვება.

საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის იქნება დასაშვები.

„როგორ ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელშიც უკვე დაკონკრეტებულია გადაადგილების მიზნობრიობა. მანამდე პრესკონფერენციაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ორშაბათს და სამშაბათს ქალაქებს შორის გადაადგილება იმ მიზნით დაიშვება, რომ  ქალაქიდან სააღდგომოდ გასულმა მოქალაქეებმა რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეძლონ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილიდან რაიონში, გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ორშაბათს და სამშაბათს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთი რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, სატრანსპორტო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და ქალაქების ჩაკეტვის თვალსაზრისით არსებული შეზღუდვები ოთხშაბათიდან აღდგება. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს მოვუხსნათ შექმნილი დისკომფორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.