19 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების 6 თვით გახანგრძლივებას. სანქციები რუსეთს უკრაინის კონფლიქტში მისი როლის გამო დაუწესდა და ისინი. სანქციები ენერგეტიკულ, თავდაცვის და ფინანსურ სექტორებს ეხება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის ქვეყნებისა და მთავრობების ლიდერებს ვიდეო კონფერენციაზე, “რადიო თავისუფლების” მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, უთხრეს, რომ მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების საქმეში, ” არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული.”
სანქციები პირველად 2014 წელს მიიღეს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გამო. მას შემდეგ მათ ყოველ 6 თვეში ერთხელ ანახლებენ. ოფიციალური გადაწყვეტილება სანქციების 31 ივლისის შემდეგ გაგრძელების თაობაზე, ევროკავშირის ელჩებმა უნდა მიიღონ.
„ერთ-ერთი მიზეზია კონფლიქტი უკრაინაში და სწორედ მასთან დაკავშირებულ სანქციებზე ვსაუბრობდით დღეს. მეორე – გერმანიის გენპროკურატურის დასკვნაა გერმანიის ბუნდესტაგის კიბერშეტევაზე და მესამე – ეს არის ცოტა ხნის წინანდელი ბრალდების წარდგენა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. აქ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას რეაგირება მოვახდინოთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ სასამართლო მოსმენების შედეგებს“, – განაცხადა მერკელმა კითხვის პასუხად, გამკაცრდება, თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გერმანიის გენერალური პროკურორის დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც მიიჩნევს, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დავალებით მოხდა.
გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა.
მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური პროკურორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მკვლელობის დაკვეთას წინ უძღოდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება “რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ”. მათივე თქმით, ვადიმ კ-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.
წლის დასაწყისში, პრეზიდენტმა პუტინმა ეკონომიკური სანქციების შეჩერება მოითხოვა ჰუმანიტარული საბაბით, რათა რუსეთი უკეთ შებრძოლებოდა კორონავირუსის პანდემიას. თუმცა, მაშინვე ევროკომისიის პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დაადგინეს, რომ სანქციები არ აფერხებდა რუსეთის უნარს კოვიდ-19-თან ბრძოლაში.