ვიღაცებს ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა.

მისი თქმით, ვიღაცებს ეჩქარებათ, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

„ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ. სამწუხაროდ, ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. ამ ადამიანებს თავად ჯანმრთელობას ვუსურვებ და სირცხვილია, ვინც ასეთ რამეს ავრცელებს. სირცხვილია ასეთი საქციელი! არაერთხელ გავრცელდა პატრიარქის შესახებ დეზინფორმაცია – აი, ახლა უნდა გადააყენონ, ახლა უნდა შეუზღუდონ თავისუფლება.

მსგავსი სპეკულაციებით ვიღაც ცდილობს, თავისი განცხადებები რეიტინგული გახადოს. პატრიარქს არაკეთილისმოსურნე ცოტა არ ჰყავს. ერთი და იგივე ხალხია სულ ყველაფრით უკმაყოფილო, მარჯვნივ წავალთ – უკმაყოფილო არიან, მარცხნივ წავალთ – მაინც უკმაყოფილო არიან“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.