ვიღაც ცდილობს, შექმნას განწყობები, რომ ეკლესია ანტიევროპულია – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ დასავლური კურსის შესახებ მეუფე ანტონის ქადაგებისას გაკეთებული განცხადება არასწორად იქნა გაგებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

“ვინც ეკლესიას უტევს, სულყველა სულდგმულობენ ევროპის დაფინანსებით. ხომ არ უნდა გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა“–განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა გუშინდელი საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ სინამდვილეში მან არა ევროპული ღირებულებები, არამედ მათი პროფანაცია იგულისხმა:

„ევროპულ ღირებულებებზე კი არ არის საუბარი, რასაც მეუფე ანტონი ამბობს, არამედ იმ ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე, გაყალბებაზე, ტრანსფორმაციაზე, რაც ჩვენ ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან. მე მინდა გკითხოთ – თავიდან ბოლომდე მოისმინეთ? თუ მოისმინეთ, მიკვირს, რომ ამას ამბობთ. მეუფე ანტონი ევროპულ კურსში კი არ დაეჭვდა – ის არის აღშფოთებული, რატომ მოდის ამდენი სიძულვილი და ღვარძლი. დღევანდელი თქვენი საუბარიც ამის გაგრძელებაა. მეუფე ანტონმა თქვა, რომ დააყენებს სინოდზე ევროპული ორიენტაციის საკითხს კი არა, ყურადღებით მოისმინეთ. პირდაპირ რომ ამბობს, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საქართველო არის ევროპა და ამას ვერ შეცვლის ვერაფერი. მისივე განმარტებით, ამის დასტური არის „ვეფხისტყაოსანიც“.

„ვიღაცა ძალიან ცდილობს, რომ ეს განწყობები შექმნას – რომ ეკლესიაში ანტიევროპული განწყობაა. ჩვენ ვართ ევროპა. ეს ჟვანიამ თქვა პირველად. ჩვენ გეოგრაფიულად ევროპა ვართ. „ვეფხისტყაოსანია“ ჩვენი მთავარი ნაწარმოები – აღმოსავლურ ფორმაში შეფუთული დასავლური ღირებულებები. 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ – ამას ვინ შეეკამათება. როგორც შეიძლება, პრორუსულები ვიყოთ. მე თვითონ მაქვს განწყობა, როცა მიკრძალავენ რუსეთზე ლაპარაკს – რუსული პოლიტიკა არის მიუღებელი. მაგრამ რუსეთში არიან წმინდანები, რომლებიც გიჟდებოდნენ საქართველოზე. მაგალითად, სერაფიმე საროველმა თქვა, რომ ანტიქრისტე არ შეეხება მხოლოდ საქართველოს”, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.