“ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა”- ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე მუხლით გათიშა (ვიდეო)

ნოკდაუნი მუხლით დარტყმის შედეგად – ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით გათიშა რუსეთის წარმომადგენელი ხადის იბრაგიმოვი.შერეული ორთაბრძოლების ММА-ს ტურნირებზე ქართველმა ნული წაგებით შვიდი გამარჯვება მოიპოვა, ახლა კი UFC-ში მისი წარმატებული დებიუტი შედგა

 

“ძალიან კარგი მოწინააღმდეგე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ორი წაგება ჰქონდა UFC-ში, საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული მეტოქეა. მე მქონდა ნანახი მისი კარიერის რამდენიმე ბრძოლა. ის მსოფლიოს თასისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია საბრძოლო სამბოში. ეს ძალიან სერიოზული შედეგებია სპორტსმენისთვის. ასევე ხადისს კარგი კარიერა ჰქონდა M-1-ის ლიგაში. იქ ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა და UFC-ში დაუმარცხებელი გადმოვიდა. აქედან გამომდინარე მახარებს, რომ ასეთ ძლიერ სპორტსმენთან მოვახერხე ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება. მე მის ორ წაგებას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბრძოლას მომზადებული ტაქტიკით შევხდი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად შევასრულე. გეგმას მივყევი და შედეგსაც მივაღწიე. ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ პირველ რაუნდში ბევრი მემოძრავა და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონტრშეტევაზე მისი დაჭერა იყო და როგორც ნახეთ, გეგმა პირნათლად შევასრულე. როდესაც შეტევის პირველივე შანსი მომეცა, დგომი შევცვალე და მოულოდნელი დარტყმა განვახორციელე.

ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ წარმატებული დებიუტი მქონოდა. ვიცოდი რომ მთელი საქართველო ელოდა ჩემს ბრძოლას და საგულდაგულოდ მოვემზადე. ამჟამად მსურს, რომ რამდენიმე კვირა დავისვენო. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არავითარი ტრავმა არ მაქვს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე შემოთავაზება მექნება აუცილებლად განვიხილავ და შესაძლებელია, რომ დაპირისპირება უფრო ადრეც გავმართო. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ რომ ვიბრძოლო.”- განაცხადა რომან დოლიძემ “პირველ არხთან”