ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის დიდ სიხარულს – ილია II

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამებაში ქადაგებისას ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც ვერ ხსნის რაღაც მოვლენა საიდან მოდის, უნდა იცოდეს, რომ ეს ღმერთისგანაა.

„ადამიანის ცხოვრებაში მრავალი რამ არის, რომელიც არ გვესმის, რა ხდება, რა მოვლენაა. დღევანდელი მდგომარეობა, ეს გაუგებარი მოვლენაა. ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის, წამალი არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგანაა. ჩვენ გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად. ადამიანმა უნდა იფიქროს რასთან დაკავშირებით არის ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა აკეთოს სიკეთე, ამიტომ ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სიყვარული, სიხარული გამოჩინოთ სხვა ადამიანის მიმართ. ადამიანი რომელიც აკეთებს სიკეთეს და სთესავს სიყვარულს, ის უფრო გახარებულია, ამიტომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი რამ – ვიცხოვროთ სხვებისათვის, ვიცხოვროთ სიყვარულით”,– ამბობს პატრიარქი.

მისი თქმით, ადამიანებმა სხვებისთვის უნდა ვიცხოვროთ და ღმერთი გამოგვიგზავნის სიხარულს.

“აი, ჩვენი ტაძარი სიყვარულმა ააშენა, მახსენდება ის დღეები, როცა მოვდიოდით ჩვენ ამ მშენებლობის ირგვლივ და ვტკბებოდით. არაფერი არ იყო, არც საძირკველი, არც კედლები, მოვდიოდით და ვტკბებოდით და ეს სიტკბო გაჰყვება ჩვენ საიქიოს. ეს სიხარული და სიყვარული ჩვენთან იქნება. გილოცავთ ამ დღეს, მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან, თქვენს ოჯახებში, თქვენს შვილებში, თქვენს გარშემო.

არ დაიბნეთ, ახლა ხშირი შემთხვევაა, როცა იბნევა ადამიანი, როცა ვერ ხსნის მოვლენებს, არ უნდა დაიბნეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ღვთისაგან, ღმერთი გიგზავნით და ღმერთი მოგმადლებთ სიხარულს, მაშასადამე უნდა გახსოვდეთ, რომ ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – განაცხადა ილია მეორემ.