მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს.
მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობა 1 წლის გახდა, ამ პერიოდში კი ხალხისთვის ბევრი მტკივნეული საკითხი გადაწყვიტეს.
“დაწყებული აზარტული თამაშების პეტიციაზე ათი ათასი ხელმოწერით, რომელიც გარე რეკლამის მოხსნის და ამ თემაზე სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყეტის საფუძველი გახდა, დასრულებული წყლის უფლებისთვის ბრძოლით, რა დროსაც მერიასა თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე წნეხით, მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, მაგ: სამგორის რაიონში. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია”,– წერს ანა დოლიძე და აღნიშნავს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში 2020 საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ “არსებობს სახალხო დაკვეთა დამოუკიდებელ და მებრძოლ ხმაზე ქართულ პოლიტიკაში.”
“ამ ერთმა წელმა კიდევ უფრო მძაფრად დაგვანახა, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რჩება დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრეს გამოწვევად. კორუფცია, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ნეპოტიზმი, კრონიზმი, არაკომპეტენტურობა და პოლიტიკური მიკერძოებულობა შიგნიდან ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამავე დროს, პოლარიზებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფილი პოლიტიკური ელიტა ვერ წყვეტს უმთავრეს ამოცანას: პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას ხალხის პრობლემები და ქვეყნის მომავალი პერსპექტივის ამოცანები”,– აცხადებს ანა დოლიძე.
მისივე თქმით, 5–თვიანი პოლიტიკური კრიზისის პირობებში დღის წესრიგის მიღმა დარჩა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის საკითხი.
დოლიძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალის შესაქმნელად კონსულტაციებს იწყებს.
“ასეთ ვითარებაში, ფაქტია, დღეს წარმოდგენილი პოლიტიკური ძალებიდან, არც ერთს გააჩნია საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კომპეტენცია იმოქმედოს პოლარიზაციის მიღმა ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოში მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შესაქმნელად.
ამიტომ, გადავწყვიტე, დღეიდან, მოძრაობა „ხალხისთვის“ შექმნიდან ერთი წლის თავზე, დავიწყო კონსულტაციები შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირებთან ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ამ მთავარი დაკვეთის შესრულებას – ესაა სამართლიანი და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ამ ფასეულობებს, სწრაფი ნაბიჯით წავალთ წინ ამ მიზნისკენ”,– წერს ის განცხადებაში.