აშშ-ის საელჩო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი გავიდა. 1989 წელს, ამ დღეს საბჭოთა არმიის ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.