რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.   15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება ექნებათ და მხოლოდ იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მოუწევთ (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, უკან დაბრუნების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ 90 დღის გატარების უფლება ექნებათ.

გადაწყვეტილება 15 მაისიდან შევა ძალაში:

  • „ვწყვეტ: 1. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან: ა) საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური. პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
  • გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ქართველ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამი თვის ვადით.
  • აღნიშნულია, რომ ასეთი თანამშრომლების აკრედიტაციის შემდეგ მათ და მათ ოჯახებს შეუძლიათ შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ რუსეთის ფედერაცია ვიზის გარეშე აკრედიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში”

გააუქმდა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვაც. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

  • “ბათილად ცნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა ეკრძალებოდათ.