შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
“იუსტიციის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე ვმუშაობთ – რომ ცალკე საცხოვრებლები გაკეთდეს, რომელიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნებათ, როგორც ბავშვთა სახლშია, რომ იქ მიყვანილი მოზარდი მეორე დღეს წამოვიდეს, ისევ ქუჩაში იყოს და რაიმე გააფუჭოს. მოსამართლის გადაწყვეტილება იქნება. ოღონდ, ეს საცხოვრებელი ციხე არ იქნება. იქ ჩვეულებრივად სახლის პირობები, სკოლა იქნება. იქნებიან მასწავლებლები, აღმზრდელები. განათლება, სპორტი, ყველანაირი წესი იქნება. არის 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანიც კი. მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ჩვენ და იუსტიციის სამინისტრო ამ პროექტზე ერთად აქტიურად ვმუშაობთ. სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია.[…]არასრულწლოვნების მხრიდან დანაშაულის ჩადენის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. მეც არ მინდა, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია და არ ვემხრობი – მით უმეტეს, 14 წლამდე მოზარდები. მაგრამ, მაგალითად, გლდანში იყო შემთხვევა, როცა ამ ბავშვებს სრულწლოვანი ადამიანი ხელმძღვანელობდა და მაღაზიების გატეხვასა და ტელეფონების მოპარვას აორგანიზებდა. იყო 2 შემთხვევა, როცა დავაკავეთ. ასევე, იყო ფაქტებიც, როცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო პასუხისგებაში არ მისცეს. 14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. ერთი 13 წლის მოზარდია, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, რომელმაც უკვე 32 ყაჩაღობა ჩაიდინა. მას ყველა იცნობს, მთელი პოლიცია – მათ შორის, უკვე მეც ვიცნობ, ისეა. თუმცა, მოვიყვანთ, მოვა დედამისი, განცხადებას დაწერს – ბოდიში, ტირილი და ამ ბავშვს ვუშვებთ. ვერაფერს ვუზამთ”. – ამბობს გომელაური.