ვმუშაობ, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუციით აღფრთოვანებულია..

“ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს. კონსტიტუციის კითხვისას ნათელია ძალიან ნათელი მესიჯი, რომ საქართველო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილია. ამ კონსტიტუციას ძალიან პროგრესული ხასიათი ჰქონდა, ის ქალებსა და კაცებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებდა. ასევე უნდა აღინიშნოს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თავისუფალი შეკრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება. ჩემთვის და ჩემი ევროპელი კოლეგებისთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ვიყოთ. „დიდი მადლობა“ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ დღეს“, – თქვა ჰარცელმა.

მისივე თქმით, მუშაობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს.

„ორივე მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა და პასუხისმგებლობა, რათა სიტუაცია დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობ იმაზე, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.