ვოლსკის განმარტებით, ღარიბაშვილს კომპეტენცია “იმ პერიოდში არ გააჩნდა”

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის ავტორიტეტი არასდროს ყოფილა და მას არც ფინანსური და არც იურიდიული განათლება არ აქვს.

ვოლსკის განმარტებით, ღარიბაშვილს იმ პერიოდში მართლაც არ გააჩნდა არანაირი კომპეტენცია ფინანსურ საკითხებზე.

“2011 წლიდან ვიცნობ ირაკლი ღარიბაშვილს და იგი საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და მისი საქმიანობა “ქართუ ჯგუფში” ეფექტური იყო, მაგრამ ვადასტურებ, რომ არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა. მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეს საკითხი, მაგრამ დახასიათება იმ პერიოდის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობისა და არა პიროვნებისა, ზუსტად ეგ არის, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოშია საუბარი”,– განაცხადა გია ვოლსკი.