ვოლსკი: ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? – ნაციონალურ მოძრაობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას და ამბობს, რომ ეს ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება, რათა “სპეკულაცია აწარმოოს”.

“ადვოკატების პოზიცია და პარტიული ადვოკატურაა ეს, ისინი არ არიან დამოუკიდებელი ადვოკატები, ეს არის პარტიის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა გაცილებით დიდ ზიანს მოუტანს, არა მარტო მათ ოპონენტ “ქართულ ოცნებას”, არამედ საერთოდ საზოგადოებაში შექმნის დამატებით დაძაბულობას.

მე გამაჩნია შეხედულება, რომ კანონი უნდა აღსრულდეს, ოპონენტს გააჩნია შეხედულება, რომ კანონის აღსრულება ეწინააღმდეგება მათ იდეას და იდეა არის შემდეგი – არ არსებობს კანონი, სახელმწიფო და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც შეიძლება დაემორჩილო. ვის სჭირდება ნიკა მელიას საპატიმროში ყოფნა? – ეს სჭირდება “ნაციონალურ მოძრაობას”, რათა მუდმივად ამ თემაზე სპეკულაცია აწარმოოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.