პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკებების დაწყებამდე თქვა, რომ წარმატებით დასრულების შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალოებას ვეღარ შეასრულებდა.
მისი შეფასებით, ახალ თავმჯდომარეს, კაჭა კუჭავას გაცილებით დიდი რესურსი აქვს, რომ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს.
“თავიდანვე დავსხედით და დავიწყეთ საუბარი იმაზე, ვინ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, ეს იყო მთავარი თემა. უკვე იმ დროიდან ვიცოდით, რომ თუ წარმატებით დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, ადამიანი, რომელიც ხელს მოაწერდა ამ დოკუმენტს როგორც მხარე, აღარ იქნებოდა მის პოზიციაზე.
თავად არჩილმა დაიწყო ამ თემაზე საუბარი, რომ როდესაც ხელს მოაწერდა დოკუმენტს და ხელმოწერამდე ჩართული იქნებოდა ამ მძიმე და ხისტი მოლაპარაკების პროცესში, რა თქმა უნდა, ვეღარ შეასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას… კახა კუჭავა არ არის ნეიტრალური მოთამაშე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ რეალურად მას გაცილებით უფრო დიდი რესურსი გააჩნია იყოს ნეიტრალური და გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს”,– თქვა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არჩილ თალაკვაძემ დატოვა. მის შემცვლელად ქართულმა ოცნებამ კახა კუჭავა დაასახელა.