დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის პროგნოზით ამ კვირის ბოლომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 350–400-ს მიაღწევს. მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.
„ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400- მდე შემთხვევა. ეს თვე, ანუ მთლიანად აპრილი ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. აპრილი და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის. თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ ივლისში ან სექტემბერში“, – განაცხადა გამყრელიძემ.