პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა არავის მიმართ აქვს აგრესია.
“მე ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მე მქონდა ამის ეჭვი, მე გავდივარ რეაბილიტაციის პროცესს, თუმცა მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა, მათ შორის ის ღირსების შემლახველი ქცევა მის წინააღმდეგ, მისი უფლებების გათელვა ჯანმრთელობის სტრესთან დამატებით.
მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, აგრესია ვერავის მიმართ, ძალიან ნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა ძალიან სერიოზული ზიანი და მე ვერაფრით ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამამშვიდებელია”,– თქვა ხოშტარიამ.
მისივე განცხადებით, ვერ მოისვენებს, სანამ ექსპრეზიდენტი ამ მდგომარეობაშია.
“მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში. გეგმა არის ბრძოლა, მისი უფლებებისთვის, მისი თავისუფლებისთვის – მისი უფლებები არის გათელილი. სამართლებრივი არსებობს? დაისვას სამართლებრივი კითხვები და არა ეს შურისძიება. შეწყდეს მისი ამ ტყვეობაში ყოფნა და გავაგრძელოთ პოლიტიკა”,– აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.