”ჩვენ ვსაუბრობთ აქ, მათ შორის ბატონ გლუკსმანთან, პოტენციურ ქმედებებზე, მათ შორის ერთობლივ წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გავუგზავნით” – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
“ვნახე ვიდეო და მსგავსი რამ მიუღებელია. აქ, ევროპარლამენტში, ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც პატიმრის, ადამიანის და მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ქცევა იხილეს. რთულია იმის თქმა, კონკრეტულად სააკაშვილის წინააღმდეგ იმოქმედეს ასე თუ ეს სტანდარტული ქცევაა პატიმრების მიმართ, მაგრამ ეს ძალიან შემაშფოთებელია და იმედი მაქვს, რადგან გასაჯაროვდა, სიტუაცია მალე შეიცვლება. ვიცი რომ ისინი საქართველოში არიან, მათ შორის ანა ფოტიგა. მე არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ, როდესაც მოფრინავდნენ. არა მგონია, რომელიმე მთავრობა ვალდებული იყოს, რომ ყველა დაუშვას პატიმართან, მაგრამ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტარებისთვის გამონაკლისი დაიშვება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის მოლაპარაკებებია, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები თბილისში მართავენ და როდესაც ისინი დაბრუნდებიან, აუცილებლად მექნება საუბარი კოლეგებთან იმაზე, თუ რა ხდება საქრთველოში.
მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ ადამიანს უნდა გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. ჩვენ ვსაუბრობთ აქ, მათ შორის ბატონ გლუკსმანთან, პოტენციურ ქმედებებზე, მათ შორის ერთობლივ წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გავუგზავნით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჯანმრთელობა არ უნდა ავურიოთ კრიმინალურ საქმეებთან და პოლიტიკურ თემებთან, რადგან ეს სხვადასხვა საკითხებია”,- ამბობს მარკეტა გრეგოროვა.